ოლიგარქი ივანიშვილი თბილისში ქონებას ყიდის. ლაგუნა ვერე, ყოფილი აბრეშუმის ქარხანა და იპოდრომის ტერიტორია "ნეო სითი დეველოპმენტის" მფლობელობაში გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ გადავა.
კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტის სამგზის მოწვევის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია. ნეო სითი დეველოპმენტი 5 თვის წინაა დაფუძნებული და მისი დირექტორი ტარიელ გაბუნიაა.
ვერულაშვილის სიძის ეგორ აბრამოვის ოჯახი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მიერ. სიძის მამა ალექსანდრ აბრამოვი, რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორია და ბრიტანეთის სანქციების სიაშიც სწორედ მასთან კავშირის გამო მოხვდა.
ჯერჯერობით უცნობია გარიგების დეტალები და რატომ დათმო ივანიშვილმა თბილისის ცენტრალურ უბნებში ძვირადღირებული უძრავი ქონება, რომელზეც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ოლიგარქის ფონდ ქართუს დიდი გეგმები ჰქონდა და შესაბამისი ნებართვების მისაღებად მერიასთან ინტენსიურად მუშაობდა. გარიგების პირველივე ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ივანიშვილისგან განსხვავებით ტერიტორიის ახალი მფლობელი ისტორიული აუზის გაუქმებას არ გეგმავს და თბილისელებს "ლაგუნა ვერე" შეუნარჩუნდებათ.
თბილისის მერს კახი კალაძეს დღეს განცხადება თბილისის ისტორიულ აუზსა და მის გასხვისებაზე არ გაუკეთებია, თუმცა "ლაგუნა ვერე" და მის მიმდებარედ ყოფილი ქარხნის ტერიტორია საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2023 წლის იანვარში მოექცა. მაშინ გაირკვა, რომ გმირთა მოედანთან ფონდ ქართუს სავაჭრო ცენტრისა და ორი ცათამბჯენის აშენება სურდა. თბილისის მერი ამტკიცებდა, რომ ლაგუნა ვერეს ივანიშვილი თბილისელებს აჩუქებდა და აუზს მუნიციპალიტეტი აღადგენდა.
რაც შეეხება იპოდრომს. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე ბიძინა ივანიშვილის „ფონდმა ქართუმ“ თბილისის მერიას გადასცა. იყო დაპირება, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობას ივანიშვილის ფონდი დააფინანსებდა და ის 2022 წელს დასრულდებოდა. მშენებლობა ამ დრომდე მიმდინარეობს.