შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შოვში, სტიქიის ზონაში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოები კი მე-13 დღეა აქტიურად მიმდინარეობს.
"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე - მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრის, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 20 იდენტიფიცირებულია. 8 ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.