"ზეწოლა იყო.. ვუთხარი, მზად ვარ სიკვდილისთვის" | 2 წელი ოკუპანტების ტყვეობაში - რას ჰყვება ჩხიკვაძე გათავისუფლების შემდეგ

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული მამუკა ჩხიკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალურად იხსენებს მისი დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს.

ჩხიკვაძე ყვება, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მასზე ფიზიკურად არა, თუმცა ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. კერძოდ, აიძულებდნენ, ინფორმაცია მიეწოდებინა ქართველი სამხედროების შესახებ, ასევე ეღიარებინა არარსებული საზღვრის კვეთა და ე.წ. საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებების შეტანა.

"მოვიდნენ ეს რუსები, რა ხდება მკითხეს, თქვენ დაარღვიეთო იქ სასაფლაოსთან. [სასაფლაოსგან] ცოტა მოშორებით ვიყავი, ღობესთან არ ვიყავი. ფიზიკური შეურაცხყოფა და ეგეთი რაღაცები ნამდვილად არ ყოფილა. წამიყვანეს თვალებზე ამიკრეს...ზეწოლა იყო, რომ მეღიარებინა რაღაც, მე ამას არ შევუშინდი, ვუთხარი, რომ მე მზად ვარ სიკვდილისთვის. აღიარება [უნდოდათ] რომ გამეთქვა ჩემ გვერდზე ვინც იყო, მეთქვა, ვის იცნობ, ჯარისკაცს, ვინ იყო შენ გვერდზე. [სამხედროებზე] ინფორმაციის მიწოდება უნდოდათ თავისთავად. მე მზად ვარ სიკვდილისთვის-მეთქი, ეს რომ ვუთხარი, ეტყობა, შენ შემოგზავნილი ხარო, გაოცდნენ. მუქარები - ხომ იცი აქ რა მოხდა, ბიჭები შეეწირნენ, ვიცი-მეთქი და მეც მზად ვარ-მეთქი", - თქვა მამუკა ჩხიკვაძემ.

მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის დეკემბერში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. დროებით ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმე ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. თავდაპირველად მას 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება დაკავებულის ადვოკატმა გაასაჩივრა და საბოლოოდ მას სამი წლითა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მამუკა ჩხიკვაძემ ცხინვალის ციხეში თითქმის ორი წელი გაატარა. 

ჩხიკვაძე ტყვეობიდან გუშინ, 25 აგვისტოს გათავისუფლდა. მასთან ერთად გათავისუფლდა კახაბერ ნათაძეც. ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში კიდევ 4 საქართველოს მოქალაქე რჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი