
ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, ილუსტრატორები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები მოსკოვის საბავშვო ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ და კულტურის სამინისტროს მოუწოდებენ, ღიად გაემიჯნოს რუსულ ფესტივალს.
„ფაქტი, რომ მოსკოვი და რუსეთის დამნაშავე რეჟიმი, რომლის სისხლიან პოლიტიკას სხვადასხვა დროს საქართველოს არაერთი მოქალაქე ბავშვი ემსხვერპლა და რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომში ისევ ბავშვებს კლავს, საბავშვო წიგნის ფესტივალს მართავს, ზედმიწევნით ცინიკურია და მასში მონაწილეობის მიღება ყველაზე ბნელი და ძალადობრივი რეჟიმის, ბავშვთა მკვლელების მხარეს დგომაა.
ქართველი საბავშვო მწერლები გმობენ ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებას, ხოლო ქართული ლიტერატურული საზოგადოება მოითხოვს, გაირკვეს რომელი ორგანიზაცია მონაწილეობს მასში ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს სახელით. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის კერძო კომპანია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო სტრუქტურა. ოკუპანტ ქვეყანაში, მსგავს ფორუმებზე, საქართველოს სახელით, არ უნდა მონაწილეობდეს არცერთი შემოქმედებითი გაერთიანება.
მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ უმძიმესი პროცესის დასაწყისი, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა გადადის ჩვენი ქვეყნის დაპყრობისა და დამორჩილების საშიშ ეტაპზე და ცდილობს მის მიერ შექმნილი და დაფინანსებული ორგანიზაციებით, მედიასაშუალებებითა და ბინძური პროპაგანდისტული ძალებით, საქართველო წარადგინოს სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებში, ჯერ თავად რუსეთში, ხოლო შემდეგ – საერთაშორისო პლატფორმებზე.
მოვითხოვთ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ყველა მსგავს ინიციატივას და გმობს მასში საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ინდივიდუალურ დონეზე მონაწილეობას; გამოიძიოს ფონდ „აზბუკას“ წარმომავლობა, საქმიანობა და მიზნები; დაადგინოს და საზოგადოებას დეტალურად აცნობოს იმ სახელოვნებო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც რუსული ფულით ფინანსდებიან და ოკუპანტი ქვეყნის რეჟიმის პროპაგანდას ემსახურებიან. მოვითხოვთ, დაიბლოკოს ყველა მსგავსი, მოღალატეობრივი ინიციატივა. საქართველოს კანონმდებლობით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რუსეთი განსაზღვრულია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა და ჩვენ მოვითხოვთ ამ კანონის უმკაცრესად დაცვას, “- ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
მოსკოვში სექტემბრის დასაწყისში საბავშვო წიგნის ფესტივალი იხსნება, რომელიც რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. ამ ფესტივალზე ჩასვლას მხოლოდ დსთ-ის წევრი ქვეყნებიდან და საქართველოდან აპირებენ, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.