2023 წლის 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით მოსკოვში გაიმართება საბავშვო და ახალგაზრდული წიგნების პირველი საერთაშორისო ფორუმი - "საბავშვო ლიტერატურის ენაზე: თანამშრომლობა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოს შორის საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროში".
რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბავშვო მწერლები, ილუსტრატორები, საბავშვო წიგნების დიზაინერები, ბიბლიოთეკარები, საბავშვო ლიტერატურისა და კითხვის სფეროს ექსპერტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან.
პროპაგანდისტული "სპუტნიკის" კორესპონდენტს რუსეთის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორმა, მარია ვედენიაპინამ განუცხადა, რომ მოსკოვის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ღონისძიებებში საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას:
"ღონისძიებაში მონაწილეობს 30 სტუმარი, მათ შორის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. ყველა ქვეყანას არ ჩამოვთვლი, უბრალოდ იქნებიან დსთ-ს ქვეყნები და საქართველო. საბავშვო წიგნების სპეციალისტები საქართველოდან პირველად ჩამოდიან, რათა მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებაში. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მათი მონაწილეობა როგორც ასამბლეაზე 30 და 31 აგვისტოს, ხოლო 1 სექტემბერს მოსკოვში, რუსეთის ეროვნულ საბავშვო ბიბლიოთეკაში გვექნება სპეციალიზებული სექციები", - ამბობს ვედენიაპინა.
ღონისძიება რუსეთის სახელმწიფო საბავშვო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, მკითხველთა აღზრდის ასოციაციასთან ერთად, რუსეთის კულტურის სამინისტროსა და დსთ-ს ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 1 სექტემბერს რუსული ენის ბიბლიოთეკაში გაიმართება პლენარული სესია თემაზე: "რუსული ენა და კითხვა, როგორც ეთნიკური კომუნიკაციის საფუძველი: ერთობლივი პროექტები, თანამშრომლობის პერსპექტივები", ასევე, იქნება თემატური სექციები, სადაც წარმოდგენილი იქნება საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა დსთ-ს ქვეყნებიდან და საქართველოდან.
ფორუმის ფარგლებში რუსეთის საბავშვო ბიბლიოთეკაში ვირტუალური გამოფენა მოეწყობა სახელწოდებით "თანამედროვე ილუსტრაცია დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს ეროვნულ საბავშვო ლიტერატურაში".