ქართველი რაგბისტები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მორაგბეების უმრავლესობამ მძიმე ფინანსური პრობლემების გამო, ვარჯიში უკვე შეწყვიტა. უმძიმეს კრიზისში მყოფი კლუბები ფინანსურ კრიზისს ვეღარ უმკლავდებიან და ამბობენ, რომ თუ მათი პრობლემები დროულად არ მოგვარდება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი გაჩერდება.
ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, რაგბის კავშირის ბიუჯეტი ორჯერ გიზარდა, თუმცა კლუბებს იგივე დაფინანსება აქვთ, რაც წლების წინ ჰქონდათ. კლუბების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ პანდემიის პერიოდში მორაგბეებს ხელფასს უხდიდნენ, თუმცა მათ უკვე ყველა რესურსი ამოწურეს და კლუბებს ვალების გამო ხელფასების გადახდა აღარ შეუძლიათ.
შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, კლუბებმა გეგმა შეიმუშავეს, კავშირსა და სამინისტროსთან ერთად პრობლემის მოგვარება დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ. მათი მთავარი მოთხოვნა, შექმნილიყო ანტიკრიზისული საბჭო, წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან რაგბის კავშირმა გაურკვეველი მიზეზების გამო კლუბებს საბჭოს შექმნის შემთხვევაში ულტიმატუმი წაუყენა, რომ გასული წლების ფინანსური ხარჯთაღრიცხვა არ შეემოწმებინათ.
ყველაზე დიდი პრობლემა კი ისევ უსახსრობას უკავშირდება. როგორც დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განმარტეს, ოკუპანტი რუსეთი შექმნილ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას იყენებს და მთავარი მეტოქიე ქართული რაგბიდან ცდილობს მორაგბეების წაყვანას.
მას შემდეგ, რაც კლუბების წარმომადგენლებმა რაგბის კავშირში არსებულ მძიმე ფინანსურ პრობლემებზე ილაპარაკეს, ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომ დროებითი მმართველის პოსტი გიორგი გორგასლიძემ დატოვა. უკვე ყოფილი მმართველი მედიის კითხვებს არ პასუხობს, განცხადებაში კი მხოლოდ ის წერია, რომ მისთვის შემოთავაზებული მართვის სისტემა მიუღებელია და თანამდებობას ამის გამო ტოვებს.
პრემიერმინისტრი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრას მართავდა, თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. სანამ გიორგი გახარია მორაგბეებს არ შეხვდება კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. რაგბის კავშირი ახლა ხელმძღვანელის გარეშეა, გამგეობამ დროებითი მმართველი უახლოეს დღეებში უნდა დანიშნოს, პრეზიდენტის არჩევნები კი დეკემბერში გაიმართება, თუ მანამდე არ მოგვარდება კლუბების პრობლემები, ქვეყნის ყველაზე პოპულარული სპორტი განადგურდება.