პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის - მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 2024 წელს პარიზში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ "თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის".

"პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის. რუსეთს, როგორც ქვეყანას, არ აქვს ადგილი იმ დროს, როდესაც ის სამხედრო დანაშაულებს სჩადის უკრაინაში. კითხვა, რომელსაც ოლიმპიურმა სამყარომ უნდა უპასუხოს არის ის, თუ რა ადგილი უნდა დაუთმოს რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვარჯიშობდნენ შეჯიბრებებისთვის, მაგრამ შესაძლოა ამ რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ", - განაცხადა მაკრონმა ფრანგულ სპორტულ გაზეთ L'Équipe-თან ინტერვიუში. 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განასხვაონ სპორტსმენები, რომლებიც რეალურად არიან რუსეთის ხელისუფლების ქმედებების თანამონაწილეები და ისინი, ვინც რეჟიმის მსხვერპლად იქცნენ. ამ თვალსაზრისით, IOC (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი და გასაგები იქნება უკრაინელებისთვის.

"ეს არის ბალანსი, რომელიც უნდა უზრუნველვყოთ", - დასძინა მაკრონმა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა ნეიტრალური დროშის ქვეშ მიიღონ.სპორტსმენებმა ასევე უნდა შეასრულონ გარკვეული პირობები. კერძოდ, არ უნდა დაუჭირონ მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში, არ უნდა ჰქონდეთ კავშირი რუსეთის ან ბელარუსის ჯართან, ასევე უსაფრთხოების ძალებთან. 

პარიზის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი