დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას საფუძველი არ აქვს - "აჭარისწყალი ჯორჯია"

გამოქვეყნდა:

"აჭარისწყალ ჯორჯია" აცხადებს, რომ დიდაჭარის კაშხალი დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოა ექსპლუატაციის მიმართულებით და სრულ შესაბამისობაშია ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანიის მტკიცებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას საფუძველი არ აქვს. განცხადებას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც "მთავარი არხის" ეთერში, "პოსტ ფაქტუმში" გავიდა სიუჟეტი შუახევ ჰესზე. კადრებში, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო ნათლად ჩანს, რომ მთავარი გამყოფი კედელი დაზიანებულია და წყალი ჟონავს.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ "დასაშვები ოდენობით", წყლის მცირე ფილტრაცია ჩვეულ მოვლენას წარმოადგენს და მისი აღმოფხვრა რუტინული მომსახურების დროს ხდება. მათივე ცნობით, 2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, კაშხლის სპეციალისტებმა დიდაჭარის კაშხალზე განახორციელეს დეტალური შეფასება, გადაამოწმეს შესაბამისი მონაცემები და მოამზადეს დასკვნა.

"ბოლო დღეების განმავლობაში დიდაჭარის კაშხალთან დაკავშირებით მედიაში გასული ინფორმაციის გათვალისწინებით, გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოა ექსპლუატაციის მიმართულებით და სრულ შესაბამისობაშია ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. 2017 წლის დასაწყისში აგებული დიდაჭარის კაშხალი ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას პასუხობს, ხოლო ყველა კონსტრუქციას წინასწარ გაწერილი განრიგისა და პროცედურების შესაბამისად უტარდება რუტინული მომსახურების სამუშაოები.

ბეტონის დიდი კონსტრუქციები აშენებულია კონკრეტული თანმიმდევრობით, ცალკე მდგარი სექციების სახით, სადაც უზრუნველყოფილია სივრცე გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესებისთვის, რომლებიც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით. დასაშვები ოდენობით, წყლის მცირე ფილტრაცია ჩვეულ მოვლენას წარმოადგენს და მისი აღმოფხვრა რუტინული მომსახურების დროს ხდება. სხვადასხვა კონსტრუქციისთვის აუცილებელი რუტინული მომსახურება ხორციელდება გეგმის შესაბამისად. დიდაჭარის კაშხალს უტარდება უწყვეტი მონიტორინგი, რისთვისაც გამოიყენება კაშხალზე დაყენებული საუკეთესო ინსტრუმენტები და ვიზუალური ინსპექცია.

დამატებითი ზომის სახით „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დაიქირავა საერთაშორისო კაშხლის სპეციალისტები, რომელთა მოვალეობებში შედის კაშხლის უსაფრთხოების, მდგრადობის შემოწმება და კაშხლის კონსტრუქციაზე დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. 2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, კაშხლის სპეციალისტებმა დიდაჭარის კაშხალზე განახორციელეს დეტალური შეფასება, გადაამოწმეს შესაბამისი მონაცემები და მოამზადეს დასკვნა, რომლის თანახმადაც, კაშხლის კონსტრუქცია უსაფრთხოა, ხოლო წყლის გამონადენი კაშხალზე დიზაინით გათვალისწინებულ საზღვრებშია.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დიდაჭარის კაშხალი და მასთან დაკავშირებული ყველა ნაგებობა სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობაშია, ასევე ხორციელდება გეგმური მონიტორინგი. შესაბამისად, კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შესაძლო შეშფოთებას არავითარი საფუძველი არ აქვს".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი