ცვლილებები ფინანსური სანქციების აღსრულებაში - გერმანიის ელჩი ეროვნულ ბანკში იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და პიტერ ფიშერმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. 

საუბარი ასევე შეეხო აშშ -ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს და სანქციათა  შესრულების წესში ცვლილებას. 

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ  სებ-მა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით  შეიმუშავა და აამოქმედა აღნიშნული ცვლილება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.

"გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე, სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სანქციების აღსრულების წესში და საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული პროცედურები დააწესა. ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი, ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი. რაც შეეხება ცალკეულ იურიდიულ საკითხს, აღსრულებადობას და ა.შ ჩვენ მივყვებით საერთაშორისო პრაქტიკას და მზად ვართ, რომ ამაზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციებიდან თავის არიდების დახმარების შემდეგ, ეროვნული ბანკის მუშაობით საერთაშორისო პარტნიორები ინტერესდებიან. სებ-ში გუშინ სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელი იმყოფებოდა.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი