"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ორგანიზაციის შიგნით განხილვების, ფინანსურ სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებოდა... ჩვენი დემორალიზება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ასეთი გავლენის მქონე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იქნა მიღებული, რამაც სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა გამოიწვია", - ამის შესახებ წერია საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ღია წერილში, რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, სუს-ის ზეწოლის გამო არ გამოქვეყნდა.
გარდა ამისა, წერილში ვკითხულობთ, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდა სებ-ის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც სებ-ის საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მყისიერ გამოხმაურებაში აისახა.
"საქართველოს ეროვნული ბანკი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საჯარო ინსტიტუტია, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ტრადიციულად, როგორც ორგანიზაციის შიგნით განხილვების, ისე ფინანსურ სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებოდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული დემორალიზება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ასეთი გავლენის მქონე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იქნა მიღებული, რამაც სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა გამოიწვია. ამასთან, კითხვის ნიშნები გაჩნდა სებ-ის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც აისახა კიდეც ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მყისიერ გამოხმაურებაში.
ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მოვალეობის შესრულებას ეროვნულ ბანკში იმ მოლოდინითა და მოტივაციით, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შესაბამისი მხარეების ჩართულობით იქნება მიღებული. მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიღრმისეული კვლევისა და პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად სანქციების რეჟიმების მარეგულირებელ წესში იმგვარი ცვლილების შეტანა, რაც თავიდან აგვარიდებს სანქციების შესაძლო დარღვევიდან გამოწვეულ საფრთხეებს და ორგანიზაციის რეპუტაციისთვის დამატებითი ზიანის მიყენებას. პატივს ვცემთ ორგანიზაციიდან წასული კოლეგების გადაწყვეტილებას.მნიშვნელოვანწილად სწორედ მათი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია სებ-ის რეპუტაციის კიდევ უფრო გაძლიერება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, " - წერია სებ-ის თანამშრომლების წერილში.