საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 320.1 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო კი შესაბამისად 13.3 და 4.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 77.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
30 ივნისის მდომარეობით, საგარეო ვალმა 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9%-ია.
"სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.3 მლრდ აშშ დოლარი (21.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 882.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 431.8 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (12.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 12.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.0 მლრდ აშშ დოლარი (34.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 46.1 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.9 მლრდ აშშ დოლარია (15.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.0 პროცენტია," - წერს სებ-ი.