"თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, უნდა ჩაიხსნას სოციალური ბენეფიტებიდან", - ამის შესახებ პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სოციალურად დაუცველ ადამიანებთან დაკავშირებით თქვა.
ძალიან სამწუხარო რეალობა გვაქვს - დაახლოებით 200 000-მდე შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. ეს ადამიანები ოფიციალურად არ მუშაობენ. ამავდროულად, კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულია კონკრეტული ვაკანტური ადგილები, მაგრამ ამ სამუშაოებზე არ თანხმდებიან. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, ერთზე, ორზე, ან სამზე, უნდა ჩაიხსნას ეს ადამიანი სოციალური ბენეფიტებიდან, მაგრამ იქიდან, რომ არსად მუშაობენ და მეორე დღეს დაიწყო მისი ჩახსნა, არ იქნება სწორი, - თქვა კაკაურიძემ.