მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება მმართველი პარტიის მიერ "მაუწყებლობის შესახებ კანონში" ინიციირებულ მორიგ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით.
"მედიის ადვოკატირების კოალიცია აცნობიერებს სიძულვილის ენის საკითხის მოგვარების აუცილებლობას. ამ მიზნით კოალიციამ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმი, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთავაზება არ განიხილა.
მსგავს მოდელზე საუბრობდნენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონტექსტის გამო ეფექტიანი თანარეგულაციის შემოღების მომხრენი იყვნენ. მიმდინარე წლის ზაფხულში, მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები კოალიციამ დადებითად შეაფასა, თუმცა არასაკმარისად მიიჩნია მეორე ეტაპის, თანარეგულირების ეფექტიანი მექანიზმის გარეშე", - წერია განცხადებაში.
კოალიცია ამბობს, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვს.
შეგახსენებთ, მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.
კანონპროექტის მიხედვით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.
მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა - ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.
როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, ეს ცვლილება მორიგი მცდელობაა, რომ ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის ფუნქციონირება შეზღუდოს.