მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.
"ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.
"ოცნების" დეპუტატების ინიციატივის მიხედვით, მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს 16 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.
მისი ავტორები და ინიციატორები არიან: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.
როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, ეს ცვლილება მორიგი მცდელობაა, რომ ხელისუფლებამ კრიტიკული მედიის ფუნქციონირება შეზღუდოს:
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეწინააღმდეგება მედიის რეგულირებას. მით უმეტეს, იმ მდგომარეობაში და იმ ვითარებაში როდესაც, ხელისუფლებას ისედაც არაერთხელ ჰქონია მცდელობა მედიის რეგულირების თუ შეზღუდვის. ჩვენ გვგონია, რომ ეს შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს კრიტიკული მედიისთვის, რადგან ყველაფერი, რაც სამომავლოდ არ მოეწონება ხელისუფლებას, შეიძლება ჩათვალოს, რომ არის რაღაც ტიპის კანონის დარღვევა. ამიტომ, ჩვენ გვონია, რომ რეგულირება არის პრობლემური. ჩვენ ამას არ მივესალმებით, ვეწინააღმდეგებით კატეგორიულად," - ამბობს ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ხატია ღოღობერიძე.
ცნობისთვის, "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევაზე რეაგირება მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშიც შესაძლებელია.