უმუშევრობის ზრდა და გაჩერებული ბიზნესი - მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება საკუთარი სურვილის მიხედვით აფინანსებს რამდენიმე ათეულ სასტუმროს - ტურისტული ბიზნესი ფაქტობრივად განადგურებულია. თბილისში და მთლიანად საქართველოში სასტუმროების და რესტორნების უდიდესი უმრავლესობა უბრალოდ დახურულია, ან მიზერულ შემოსავალზე მუშაობს. ამ მდგომარეობაში შემოსავალს არა მხოლოდ ბიზნესმენები კარგავენ. კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო უმუშევრები დარჩნენ.
სასტუმრო HOTELlO ხუთმა მეგობარმა ორი წლის წინ ერთობლივი ხარჯით გაარემონტა და გახსნა. რამდენიმე ასეულ ტურისტს უკვე უმასპინძლეს, თუმცა ცოტა ხნის წინ ისევ ერთობლივი გადაწყვეტილებით დაკეტეს. შენობა ახლა ცარიელია, ტურისტები აღარ ჰყავთ, არც შემოსავალი აქვთ. თანამშრომლებიც გაურკვეველი ვადით დაითხოვეს. ათამდე ადამიანი, რომელიც ოჯახის მთავარი მარჩენალი იყო, უმუშევარი დარჩა.
უცხოელი ტურისტებისგან დაცლილია თვეების წინ ყველაზე გადატვირთული ქუჩები და სასტუმროებიც. დამსვენებლებით გადატვირთულ სასტუმრო ,,აივანი'' ახლა უფუნქციოდაა დარჩენილი. ძირითადად უცხოელ ვიზიტორებს ემსახურებოდნენ, თუმცა კორონაპანდემიისა და ფრენების შეწყვეტის გამო უკვე რამდენიმე თვეა არც ერთი ტურისტი მათთან აღარ გაჩერებულა. შემოსავალის შემცირებას თანამშრომლების გათავისუფლება მოჰყვა. ბოლო ხელფასი მათ მარტის თვეში გადაუხადეს.
გაჩერებულია ტურიზმი მიბმული სხვა სფეროებიც. ტურისტულ ზონებში მდებარე ბევრი მაღაზია დაიკეტა და ფართები ქირავდება. მყიდველი თითქმის აღარ შედის საიუველირო ნაკეთობების სალონებში, აღარც სუვენირები იყიდება ისე, როგორც შარშან ამ დროს, დაიკეტა ან მინიმუმამდე შეუმცირდათ მომხმარებელი რესტორნებსაც. თანამშრომლები სამსახურიდან ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. თუ გასულ წელს ამ დროს ყველა მაგიდა დაკავებული იყო, ახლა დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ემსახურებიან.
ვასილ საღირაშვილი, რომელმაც ტურისტული კომპანია ცოტა ხნის წინ დააფუძნა დღეს იმ ადამიანთა შორისაა, ვინც საერთო სტატისტიკით, ქვეყანაში უმუშევრობის რიცხვი გაზარდა. შარშან ამ დროს თუ რამდენიმე ასეული უცხოელი ტურისტი იყო მისი ტურის დამკვეთი, დღეისთვის ყველა ჯავშანი გაუქმებულია. შემოსავლის გარეშე დარჩა ბევრი ტურისტული კომპანია.
საქართველოში უმუშევართა რაოდენობა რომ გაიზარდა ამაზე მხოლოდ რესპონდენტები არ საუბრობენ. ეს "სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც" დაადგინა. ოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი არა მარტო წინა წელთან არამედ 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებითაც გაზრდილია, თუმცა ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეს ციფრები არ ასახავს რეალობას და მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. სამუშაო ადგილები კი თითქმის ყველა სფეროში შემცირდა.
განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ თვითდასაქმებულები, რომლებმაც ისიც ვერ დაადასტურეს, რომ დასაქმებულები იყვნენ.