
თბილისის მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო და სასტუმროში გადაიყვანა.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, რამაც აფეთქება გამოიწვია. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაზიანებულია კორპუსის 3 სართული.
აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. კლინიკაში ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებული 2 ადამიანი რჩება.