ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 10%-ზე ტოვებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-ია.

სებ აცხადებს, რომ მაღალი გაურკვევლობისა და აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.

ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.5 პროცენტი იყო.

"დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივად წარმოებული საქონლის კლებადი ინფლაციაც, რომელიც სექტემბერში 5.3 პროცენტს გაუტოლდა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება", - წერია განცხადებაში.

სებ-ის განცხადებით, აღნიშნული პროგნოზის პარალელურად, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკებს დაემატა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის  ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით.

"ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციებიც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც ფასების, ასევე მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით. ამ რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებიც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების მანძილზე სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნეს სესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში. საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს შეიცავს", - აღნიშნავს ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი