თელავის მუნიციპალიტეტს ნაძვის ხე და საახალწლო განათებები 320,000 ლარი დაუჯდება, - ამაზე დეპუტატებმა ბიუროზე უკვე იმსჯელეს და საკითხი დასამტკიცებლად თვის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე უნდა გაიტანონ.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ თელავში არსებული მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე, თანხის საახალწლო განათებებზე ხარჯვა არამიზნობრივია, მაშინ, როდესაც ორი სექტემბრის სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები დახმარებას ამ დრომდე ითხოვენ.
მათივე თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში საახალწლო დეკორაციებისა და განათებების შეძენაში 600,000 ლარი დახარჯა. ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებებს.
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად 276 საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული. თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით მხოლოდ 16 სახლის შეკეთებაზეა ტენდერი გამოცხადებული.
ავტორი: ია გულიაშვილი