"ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით, როდესაც ზემოდან ჩამოგვიგდეს... ლევანი ადგილზევე დაიღუპა" | უკრაინაში დაჭრილი დავით აბულიძე ლევან ლობჟანიძეზე

გამოქვეყნდა:

"მე და ლევანი ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით, როდესაც ზემოდან ჩამოგვიგდეს... ლევანი ადგილზევე დაიღუპა", - ამის შესახებ "მთავარ არხთან" უკრაინაში დაჭრილი დავით აბულიძე საუბრობს, რომელიც მისიაზე ლევან ლობჟანიძესთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, რუსებმა იერიში მათზე დრონებით მიიტანეს. 

"4 ქართველი და 4 უკრაინელი შევედით. ჩვენი დასახული მიზანი იყო 50 მეტრის წინ გაწევა-გაწმენდა. სადღაც დაახლოებით 20 წუთი მასიური ბრძოლა წავიდა. კონტაქტური ბრძოლის დროს ჩვენ დაღუპულები არ გვყავდა, მათი ნახევარი ჯგუფი განადგურებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით, შემდეგ კი ნახევარი ხელყუმბარებით. შემდეგ, როდესაც ჩვენმა დრონებმა გადმოგვცეს 36 კაცი გყავთ მოკლულიო, ადგილზე გდია 36 რუსიო და ეს რომ ნახეს თავიანთი დრონებით, გამწარებულებმა შემოგვაყარეს და შემოგვაყარეს დრონები.. რაც შეეხება ლევანის დაღუპვას, ზუსტად მეტრანახევარში, ერთმანეთის პირდაპირ ვიდექით და ვლაპარაკობდით, როდესაც ზემოდან ჩამოგვიგდო ვოქი... ძალიან მძიმე აფეთქება აქვს. ლევანმა 2 წუთიც ვერ იცოცხლა, ადგილზევე დაიღუპა. მე ორივე ფეხმონგრეულმა ჯერ მას მივაქციე ყურადღება, თუმცა ვერ ვუშველე ვერაფერი მეგობარს" - ამბობს დავით აბულიძე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლობჟანიძე ბახმუტის მიმართულებაზე, კლიშევკას დასახლებასთან მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა. ლობჟანიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, იბრძოდა აფხაზეთშიც, უკრაინაში კი დაჯგუფება "თბილისის" წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე უკრაინაში რუსულ აგრესიას შეწირული 51-ე ქართველი მებრძოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი