კონტრაბანდისთვის დაკავებული სამართალდამცველი და გაძლიერებული საპოლიციო კონტროლი საოკუპაციო ხაზთან - ქარელის მუნიციპალიტეტში მოწყობილ საპოლიციო საგუშაგოებზე ავტომობილებს აჩერებენ და საგულდაგულოდ ამოწმებენ. "მთავარის" ინფორმაციით, კონტროლი არარსებულ საზღვრისპირა სოფლებში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც აგარის განყოფილების უფროსი ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდის გადმოტანაში ამხილეს.
"მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა კადრები შაქშაქეთის საგუშაგოზე ტერიტორიაზე გადაიღო. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, გამოკითხვებზე იბარებენ აგარის პოლიციის თანამშრომლებს. გენინპეციას აინტერესებს, ჰქონდა თუ არა თანამშრომლებს მათი ხელმძღვანელის უკანონო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
შეგახსენებთ, აგარის პოლიციის უფროსი, იოსებ გელაშვილი უაქციზო სიგარეტებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას კონტრაბანდა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა.
გელაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. კონტრაბანდის გარდა, გელაშვილს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავებიან. შსს-ს ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ფული. გელაშვილს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.