"სახალხო დამცველის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია" | საია გოგა რაზმაძის საქმეზე

გამოქვეყნდა:

საია შსს-ს მოქმედი თანამშრომელის, გოგა რაზმაძის საქმესთან დაკავშირებით, ომბუდსმენის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ორგანიზაცია წერს, რომ სახალხო დამცველის გადაწყვეტილება, შეეწყვიტა რაზმაძის საქმის წარმოება, არ ეფუძნება საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და შესაბამისად, დაუსაბუთებელია.

"საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველმა არ დააკმაყოფილა გოგა რაზმაძის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით და შეწყვიტა საქმის წარმოება. საიას მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეფუძნება საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და შესაბამისად, დაუსაბუთებელია... იკვეთება, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღო საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, რაც, ცხადად მიუთითებს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე. განმცხადებლის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით რელევანტური და საჭირო ყველა შეკითხვის დასმის, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვისა და კონტექსტის გათვალისწინების გარეშე" - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, რაზმაძემ რამდენიმე კვირის წინ  წინ ფეისბუქზე ვრცლად დაწერა სისტემაში არსებული მანკიერებების შესახებ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი ხელმძღვანელობას დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში ამხელდა. გოგა რაზმაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში რამდენიმე გვარსაც ახსენებდა, მათ შორის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, რომელმაც მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მთავარი ფუნქცია დაუკარგა.

შეგახსენებთ, შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველმა მისი საქმის წარმოება, სადაც შსს-ს მაღალჩინოსნებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ედავებოდა, შეწყვიტა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი