"სახალხო დამცველმა ბატონმა ლევან იოსელიანმა შეწყვიტა ჩემი საქმის წარმოება, რომელშიც შსს-ს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს ჩემს მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციულ მოპყრობას ვედავებოდი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე წერს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საქმის შესწავლისას სახალხო დამცველმა რაზმაძის არცერთი მოთხოვნა/შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
"სახალხო დამცველმა ბატონმა ლევან იოსელიანმა შეწყვიტა ჩემი საქმის წარმოება, რომელშიც შსს-ს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს ვედავებოდი ჩემს მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მთელი პროცესის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი მაშინდელი აღქმით, დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ საჯაროდ პრეტენზიები არ გამომეხატა და დავლოდებოდი საქმის შესწავლის შედეგებს. ივლისის თვეში, გენერალურ ინსპექციაში ჩემ მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობამდე 15 დღით ადრე სახალხო დამცველს შეხვედრა ვთხოვე. ბატონი ლევანი დამპირდა შეხვედრას, თუმცა ჩემთვის ვერ მოიცალა, რასაც მალევე ჩემი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაბარება მოჰყვა ( ვერ/არ დამიცვა) თუმცა, ჩემი საქმის შეწყვეტამდე სამი დღით ადრე (27 ოქტომბერს) სახალხო დამცველმა მოიცალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან შესახვედრად, რომლის წინააღმდეგაც საქმეს განიხილავდა.
აღნიშნულ შეხვედრის რელიზში აღნიშნულია, რომ ,,ალექსანდრე დარახველიძემ და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს." ამ შეხვედრიდან სამ დღეში, ჩემი საქმის შეწყვეტით ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად აჩვენეს ,,მჭიდრო თანამშრომლობის" საუკეთესო მაგალითი. რაც შეეხება საქმის შეწყვეტის დასაბუთების ნაწილს, სახალხო დამცველის აპარატის არსებობის ისტორიაში დისკრიმინაციის შემთხვევაზე მსგავსი სამარცხვინო დასაბუთება არადროს დაწერილა.სახალხო დამცველს გადაწყვეტილებაში აღნიშნული აქვს, რომ განმცხადებელს მხოლოდ ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვება, რომელიც შექმნის ვარაუდს დისკრიმიანციის თაობაზე, რის შემდეგაც მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. თუმცა სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი ამ საქმეში მე - განმცხადებელს დამაკისრა. სახალხო დამცველმა ამ საქმის შესწავლისას არ დააკმაყოფილა არც ერთი ჩემი მოთხოვნა/შუამდგომლობა. კერძოდ, არ გამოკითხა არც ერთი პირი, რომელიც ჩემი მითითებით იყო დისკრიმინაციის მოწმე, არ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქმისთვის და რომლის გამოთხოვის კანონისმიერი შესაძლებლობა მე არ მქონდა. გადაწყვეტილების "დასაბუთებისას" სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის და დეპარტამენტის დირექტორისა, გიორგი ოსაძის პოზიციების 100%, რომელთა გასაბათილებლად წარვადგინე დაახლოებით 500 გვერდი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა 1%-იც არ გაიზიარა ლევან იოსელიანმა. ამ გადაწყვეტილებით სახალხო დამცველმა ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მინისტრის მოადგილეს და გენერალურ ინსპექციას ჩემს წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიების განხორციელების პროცესში.
სახალხო დამცველმა ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს უთხრა, რომ არ აქვს აზრი სიმართლისთვის ბრძოლას და არასოდეს აიმაღლონ ხმა სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე. იმედი მაქვს, სახალხო დამცველი აცნობიერებს მისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმ მსუსხავ შედეგს, რაც ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მინდა მივმართო ამ უკანონო და უსამართლო პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს - დანებებას არ ვაპირებ", - წერს რაზმაძე.
შეგახსენებთ, რაზმაძემ რამდენიმე კვირის წინ წინ ფეისბუქზე ვრცლად დაწერა სისტემაში არსებული მანკიერებების შესახებ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი ხელმძღვანელობას დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში ამხელდა. გოგა რაზმაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში რამდენიმე გვარსაც ახსენებდა, მათ შორის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, რომელმაც მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მთავარი ფუნქცია დაუკარგა.