შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვალერი თელია ამბობს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ავტომანქანა გადმოცემულია და ექსპერტიზა უტარდება. მისი თქმით, მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი და ავტომობილში სისხლიც კვალიცაა.
"მიღწეული იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ავტომანქანა გადმოგვეცეს შესაბამისი ექსპერტიზისთვის. ჩვენს მიერ გადმოყვანილი იქნა აღნიშნული ავტომანქანა და ამჟამად უტარდება ექსპერტიზა. ერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მანქანას აქვს რამდენიმე ტყვია მოხვედრილი, სისხლის კვალიც არის ავტომობილში. გამოძიება მუშაობს ძალიან ბევრ ვერსიაზე...
ამ წუთშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვინაიდან, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის გატაცებული ლევან დოთიაშვილის უვნებლის და საღ-სალამათის დაბრუნება," - თქვა თელიამ.
მან ასევე უპასუხა კითხვას, ნაცნობია თუ არა მათთვის სავარაუდო მკვლელების, ვასილ დემიდოვისა და ნიკოლაი იშენკოს სახელები და გვარები, რაზეც მან თქვა, რომ არა - "მე არაფერს არ მეუბნება ეს სახელები და გვარები."
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.
ასევე ნახეთ: