სტიქია საქართველოს რეგიონებში - ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე საათით ქალაქის პარალიზება გამოიწვია. ძლიერი წვიმის შედეგად თითქმის მთელი ქალაქი დაიტბორა, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლებიც. გაუმართავმა სანიაღვრე სისტემამ წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა, რის გამოც წყალი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში შევარდა. სტიქიის შემდეგ გაგარინის ქუჩაზე მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს ღამის გათენება ნათესავებთან მოუწევთ.
მთელი დღის განმავლობაში უამინდობა იყო კახეთშიც. სტიქიამ განსაკუთრებით ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელი კასრისწყალი დაიტბორა. მოვარდნილმა წყალმა სრულად დატბორა საჯარო სკოლა და ათობით საცხოვრებელი სახლი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფები დაიტბორა, მოვარდნილმა წყალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობა რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. ადგილობრივები სანიაღვრე არხების გაწმენდას ითხოვენ.
უკვე მესამე დღეა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა გუშინ ორი სოფლის გახსნა შეძლეს, თუმცა მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლის დამაკავშირებელი გზა ისევ წაიღო. ჩაკეტილ სოფელში ჩარჩა მძიმე ტექნიკა, რომლითაც გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოწყვეტილ სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობა პროდუქტებით და მედიკამენტებით მომარაგებას ითხოვს.
ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ზარალის დათვლა დაიწყო, თუმცა ჯერ უცნობია აუნაზღაურდებათ თუ არა ზიანი ადგილობრივ მოსახლეობას.
ავტორი: საბა ბუაძე