რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მეგობარმა და მისი მკვლელობის მოწმემ, ლევან დოთიაშვილმა, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. დოთიაშვილი უკანონო პატიმრობიდან გუშინ ღამით გათავისუფლდა. ის უკვე გამოკითხეს ქართველმა სამართალდამცავებმა.
როგორც დოთიაშვილი ამბობს, მას ოკუპანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახალგაზრდა კაცს დაზიანებები აღენიშნება. ის ყვება, რომ თავიდან სოფელ ღრომში გადაიყვანეს, შემდეგ ცხინვალში. მისი თქმით, ცხინვალის ციხეში შეურაცხყოფას არ აყენებდნენ.
"მე დამარტყა ერთ-ერთმა დაუნდობლად, მიწაზე დამაწვინა და თამაზას დაუწყეს ლეიკოების დადება. ამ პროცესში მე უკვე ბორკილები დამადეს, წამიყვანეს ტყის მიმართულებით. [...]
გზაში კი რაღაცა იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი იყო, ყველა იყო იარაღით… [მირტყამდნენ] ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე", - თქვა დოთიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. ის ოკუპანტებმა წუხელ, 9 ნოემბერს, გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ასევე ნახეთ: