მსხვილი კომპანიები საქართველოს წინააღმდეგ | საინვესტიციო დავებში მოთხოვნილი კომპენსაციების ოდენობა 1 წელში $500 მილიონით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო საინვესტიციო დავებში საქართველოს წინააღმდეგ მოთხოვნილი კომპენსაციები ერთ წელში 500 მილიონი დოლარით გაიზარდა.  ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ მხოლოდ 2024 წელს 11 მსხვილი კომპანიის მიერ საარბიტრაჟო დავაში მოთხოვნილი მთლიანი კომპენსაცია 3 მილიარდ დოლარზე მეტია.  იმ შემთხვევაში კი თუკი მთავრობა ამ დავებს წააგებს, ბიუჯეტს მილიარდობით ლარის გადახდა მოუწევს. საუბარია დაახლოებით 9 მილიარდ ლარზე, ეს კი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტია. 

„ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“,  „მაგთის“ მფლობელი კომპანიები, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” , ინტერ რაო, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკა -  ეს იმ მსხვილი კომპანიების არასრული ჩამონათვალია, ვისაც საარბიტრაჟო დავა აქვს საქართველოს წინააღმდეგ და მილიარდობით ლარს ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან. იმ შემთხვევაში თუკი მოსარჩელეები დავებს მოიგებენ, საქართველოს ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დაიხარჯება. ეკონომისტები ამბობენ, რომ საარბიტრაჟო დავებს ისეთი კომპანიები მიმართავენ, რომელიც ხელისუფლებისგან პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან, მაგალითად კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტს ასახელებენ. კომპანიებს სხვა გზას ქართული ოცნება არ უტოვებს, სამაგიეროდ კი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და რეპუტაცია ზიანდება.

არსებობს კომპანიებიც, რომელთაც მოთხოვნილი კომპენსაციის რაოდენობა გასაიდუმლოებულია. მაგალითად როდესაც 2022 წელს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ენკამ პარიზის საარბიტრაჟო ტრიბუნალში განაცხადი შეიტანა, საიდუმლოდ დატოვა კომპენსაციის მოცულობა.  თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჰესის საინვესტიციო მოცულობა 800 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, სავარაუდოდ ენკას მიერ მოთხოვნილი თანხაც, ასობით მილიონი დოლარი იქნება.

იუსტიციის სამინისტრო მიმდინარე საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე დამატებით, მილიონობით ლარს ხარჯავს. 2023 წელს ეს 70 მილიონი ლარი იყო, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით კი ამ მიმართულებით 58 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი