"იმისათვის, რომ ვინმეს დასჯაზე ვისაუბროთ, იდენტიფიცირება უნდა მოხდეს" | დაისჯებიან თუ არა გინტურის მკვლელები

გამოქვეყნდა:

დაისჯებიან თუ არა თამაზ გინტურის მკვლელები? - ამ დრომდე უცნობია რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება და როგორ მოხდება ოკუპანტი ქვეყნის იძულება, რომ იდენტიფიცირების შემთხვევაში, დამნაშავეების საქართველოსთვის გადმოცემა მოხდეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარი ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კავშირია, მათ შორის, ჟენევის ფორმატი.

"იმისათვის, რომ ვინმეს დასჯაზე ვილაპარაკოთ, იდენტიფიცირება უნდა მოხდეს მკვლელების და ეს არის ყველაზე მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაროს, გახლავთ გამოძიების ეტაპი. გასაგებია, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩვენ მათ არ გადმოგვცემს. მაგრამ, ამასობაში, რა თქმა უნდა, თეორიულად თუ მათ გაბედეს და კიდევ ოდესმე გადმოლახეს საოკუპაციო ხაზი, ხელისუფლება მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პატიმრობა იყოს მყისიერი და, ასევე, თუ ოდესმე სადმე, რომელიმე ქვეყანაში ჩავლენ, მაშინ, ამ შემთხვევაშიც, უკვე ინტერპოლის საშუალებით უნდა მოხდეს მათი დაპატიმრება", - ამბობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ შესაბამისი ორგანოები "მათ ხელთ არსებული რესურსით" ყველაფერს გააკეთებენ, რომ მკვლელებმა პასუხი აგონ. 

"ეს საკითხი არ არის პარლამენტის რომელიმე წევრის მიერ დასადასტურებელი. ეს საკითხი არის ჩვენი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების გამოსაკვლევი, გამოსაძიებელი და შესაბამისი რეაგირება განსახორციელებელი. ჩვენი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები მათ ხელთ არსებული რესურსით გააკეთებენ ყველაფერს, რომ მკვლელებმა პასუხი აგონ," - თქვა ანრი ოხანაშვილმა

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი