
ფერეიდნელი ქართველები სახელმწიფოსგან ბინადრობის უფლებას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობენ და მუშაობენ, თუმცა არაერთი თხოვნის მიუხედავად, ბინადრობის უფლებას ვერ იღებენ. ამიტომ, ხელისუფლებას მათი უფლებების დარღვევასა და დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ.
ფერეიდნელი ქართველები დღეს იუსტიციის სახლში სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - დღეს გაირკვა, რომ ამის გაკეთებას სახელმწიფო არ აპირებს.
როგორც ფერეიდნელი ქართველები ამბობენ, სააგენტოში ეყრდნობიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ფერეიდნელი ქართველები საქართველოსთვის საფრთხედ არიან მიჩნეულნი.
"ჩვენ გვაინტერესებდა პასუხები, თუ რატომ ხდება ისე, რომ ბინადრობის უფლებას არ აძლევენ უმეტეს შემთხვევაში ფერეიდნელ ქართველებს და მასიურად უარს ეუბნებიან. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სხვა მრავალ ეთნოსს ბინადრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვთ ჩვენს ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით შევხვდით სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან და მივიღეთ ის პასუხი, რომ ისინი მოქმედებენ მხოლოდ კანონით და სხვადასხვა უწყებებიდან დასკვნის საფუძველზე არის მათთვის უარი. ანუ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. შემდგომი ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩვენ მოვითხოვთ შეხვედრას სუს-თან," - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
ფერეიდნელი ქართველები სუს-ისთვის წერილობითი ფორმით მიმართვას აპირებენ და მათთან შეხვედრასაც მოითხოვენ.
ავტორი: საბა ბუაძე
ამავე თემაზე ნახეთ: