სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები გახშირებულ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე მთავარ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი "მთავარ არხთან" უსაფრთხოების ნორმების იგნორირებასა და სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მეთვალყურეობაზე საუბრობენ.
ამბობენ, რომ ტექშემოწმების რეფორმაც მხოლოდ ფორმალობად დარჩა. საგზაო სამუშაოებზე დახარჯული მილიარდების მიუხედავად კი საქართველოს გზებზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.
"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის თქმით: "ის რაც საავტომობილო გზებზე ხდება, ის რომ ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება ეს სახელმწიფოს გულგრილობის შედეგია".
ტურიზმის ასოციაციის წევრის, ალექსანდრე გიორგაძის შეფასებით კი ასეთი ტრანსპორტი ტურში არ უნდა გაეშვათ.
ტექნიკურად გაუმართავი იყო ტრანსპორტი , ტექდათვალიერება გამართული არ ჰქონდა და შესაბამისად ტურისტულ კომპანიას ეს უნდა სცოდნოდა და არ უნდა გაეშვათ ესეთი ტრანსპორტი. ყველაზე მთავარი არის , ის რომ ამას არავინ არ აკონტროლებს. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ამ ნაწილში უმნიშვნელოვანესია, - ამბობს ალექსანდრე გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი