შატილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აქვეყნებს ტურისტული კომპანია Traveler.ge. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ კომპანიის დაგეგმილი ტურის დროს მოხდა ტრაგედია, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.
კომპანიის ინფორმაციით, ისინი საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობენ და ტრაგედიის მიზეზის დასადგენად უწყებას ყველა დეტალს მიაწვდიან.
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა, რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს. ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით, რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან. ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას, რაც კი ხელთ გვაქვს, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი, - ნათქვამია Traveler.ge-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.