ერთადერთი განმარტება Traveler.ge-მ დღის ბოლოს გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და მომხდარ ტრაგედიაზე მწუხარებას გამოთქვამს. Traveler.ge-ს წარმომადგენლებთან დაკავშირება და მათი ადგილსამყოფელის დადგენა დღეს მედიისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. კომპანია არცერთ მითითებულ მისამართზე არ ფიქსირდება, სატელეფონო საუბრებში კი თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ დისტანციურად მუშაობენ.
კომპანიის თანამშრომლები დღეს მცხეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოძიებას მათგან დაშავებულების ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია აინტერესებდა. პოლიციის შენობა დირექტორმა და კომპანიის თანამშრომლებმა რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
Traveler.ge -ს ტურები დღეს სოციალური მედიის განხილვის თემა გახდა. უკმაყოფილო მგზავრები
მწყობრიდან გამოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მოძველებულ სამუხრუჭე სისტემასა და ჩაძინებულ მძღოლებზე ჩიოდნენ. "მთავარი" იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომლებმაც ბათუმისა და კაბადოკიის მიმართულებით სწორედ კომპანია Traveler.ge -ს მიერ დაგეგმილი ტურებით იმგზავრეს.
მოქალაქეების თქმით, სატრანსპორტო საშუალებები იმდენად გაუმართავი იყო, რომ ავტოავარიას რამდენჯერმე გადაურჩნენ.
უსაფრთხოების რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალება და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ტურისტულ კომპანიას - გიდები, რომლებსაც ამის გამოცდილება აქვთ, ამბობენ, რომ მარშრუტის გამართულობაზე სრული პასუხისმგებლობა ტუროპერატორს ეკისრება.
17 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული - გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალება თუ უბედური შემთხვევა ახლა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
კომპანია Traveler.ge -ს მისამართით პრეტენზია არაერთ მოხმარებელს აქვს და მათი ნაწილი მას თაღლითობაშიც კი ადანაშაულებს. რაც შეეხება საბედისწერო ტურს ხევსურეთში, ის ერთდღიანი იყო და მასში შატილისა და მუცოს მონახულება შედიოდა. მხოლოდ გზას, თბილისიდან მუცომდე და უკან - დაახლოებით 13-14 საათი სჭირდება.