კირბალის მოსახლეობა გიორგობის დღესასწაულზე ლომისას სალოცავში შესვლას და მოლოცვას ვერ ახერხებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი. ეს სწორედ ის ტაძარია, რომლის კარიც რუსმა ოკუპანტებმა აჭედეს და სადაც თამაზ გინტური მოკლეს.
ამავე სოფელში, ნახევრად ოკუპირებულ სასაფლაოზე კიდევ ერთი სალოცავია, ისიც წმინდა გიორგის სახელობის. ადგილობრივები დღეს იქ მისვლას გეგმავენ. სასაფლაოს ასასვლელთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
დღეს ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. საკითხზე გუშინ გაიმართა დებატები, რომელზეც დამნაშავეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.