თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს - ამის შესახებ განცხადება სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დამფუძნებელმა, ნიკო მანაგაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" გააკეთა:
"პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციისას შევიტყვეთ, რომ თსუ-ის ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტებმა პრეზიდენტს უარი უთხრეს. ადმინისტრაცია, მიმართა ოფიციალური წერილით, რომ ამ უნივერსიტეტებში ჩაეტარებინა სტუდნტებთან საჯარო ლექცია და ადმინისტრაციას ოფიციალურად ამ უნივერსიტეტებიდან, ქვეყნის ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, უთხრეს უარი, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონოდა შესაძლებლობა სტუდენტებთან შეხვედრის, საჯარო ლექციის გამართვის" თქვა მანაგაძემ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დღეს თსუ-ს რექტორი კამპანია "ჩვენი ხმა ევროპას" შეფერხებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ განცხადებას.
ზურაბიშვილს ჯაბა სამუშიამ უპასუხა და თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას თსუ-სთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარეობს, სადაც დღეს სალომე ზურაბიშვილიც მივიდა და ახალგაზრდებს შეხვდა.