
არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუ სოციალური პროგრამის ბენეფიციარებს აქვთ სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად ბანკები 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი დახმარებას არ გამოიყენებენ.
შეთანხმება პრემიერ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა.
ეკონომისტ დურუ მახარაძის თქმით, სოციალური დახმარების მისაღებად ბანკს ერთგვარი გამტარის ფუნქცია ეკისრება და თუ მოქალაქეებს დავალიანების გამო დახმარება ჩამოეჭრებათ, ბანკი გამტარის ფუნქციას ვერ შეასრულებს.
მიუხედავად ამისა, ეკონომისტი 200-ლარიანი დახმარების პროგრამას დაგვიანებულად მიიჩნევს.
ახლანდელი დახმარება ძალიან დაგვიანებულია. მთავარი პრობლემა როდესაც იყო, კრიზისი, მაშინ უნდა დახმარებოდნენ ადამიანებს. ახლა უკვე პოპულიზმია უბრალოდ და რეალურ სარგებელს ადამიანებს ვერ მოუტანს, - განმარტავს მახარაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებთ, 17 წლის ასაკის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. დღეის მდგომარეობით, დახმარების მისაღებად შექმნილ პორტალზე რეგისტრირებულია დაახლოებით 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. რეგისტრაცია 2020 წლის 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.