რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობიდან თითქმის ერთი თვეა გასული, თუმცა მკვლელები ისევ დაუსჯელები არიან. რა ეტაპზეა გამოძიება, ხელისუფლება ამ დრომდე არაფერს ამბობს. ძალოვანი უწყებები კი დამნაშავეების იდენტიფიცირებასა და მათ დასჯას არ ჩქარობენ.
თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას კირბალელები მოითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, ხელისუფლებას არც ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯიათ.
"როდესაც 2008 წლის სიები გავიდა და მტერი სახელმწიფოს ხელში გადავიდა, იმის მერე არის ყველა ბიჭი, 2008 წელს ნაბრძოლი, განწირული. ანალოგიურად, უკრაინაში მებრძოლ ქართველ ბიჭებზე. ყველა მისამართებით იციან რუსებმა. მისამართებით არიან ქართველი მებრძოლები გადაცემული. რომ გითხრა, მე რაიმე იმედი მაქვს ამ მთავრობის, რომ საქმეს გამოიძიებენ, მკვლელს დასჯიან, არაფრის იმედი არ მაქვს. ჩვეულებრივ რუსულ საქმეს აკეთებენ. ჩვეულებრივ თვითონ არიან რუსები და გინტურის მკვლელს რომ ეს მთავრობა დასჯის, რაღაც ეჭვი მეპარება. ტატუნაშვილის მკვლელი გადმოიყვანეს, ღუდუშაურის კლინიკაში უმკურნალეს და ჩუმად გააპარეს," - ამბობს სამხედრო, ლაშა ჭიღლაძე.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.