დაუცველი საოკუპაციო ხაზი და ოკუპანტების პირისპირ, მარტო დატოვებული მოსახლეობა - მცხეთა-მთიანეთში, იქ სადაც რუსმა ოკუპანტებმა არარსებული საზღვრის მანიშნებლები ბანერების აღმართვა დაიწყეს, ქართული საპოლიციო ძალები არ არიან. შესაბამისად, ოკუპანტები საკუთარი გეგმის სისრულეში მოყვანას ყოველგვარი ბარიერების გარეშე ახერხებენ.
გრემისხევის თემში მათ უკვე დადგეს ბანერი, სადაც წერია რომ ტერიტორიაზე "სამხრეთ ოსეთის" "საზღვარი" გადის და გადაადგილება იკრძალება. ამ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი აამოქმედა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ოკუპანტების კრიტიკას კვლავ ვერ ბედავენ და მძიმე მოვლენებზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებენ.
"ოკუპანტებისთვის შექმნილია მაქსიმალურად კომფორტული გარემო. განსაკუთრებით კი მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთში და ზემო რაჭაში. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ ახალი ბანერი, ეს გახლავთ ციგრიანისა და სალბიელის მიჯნაზე. სალბიელი გახლავთ ოკუპირებული ნაწილი ჩვენი ტერიტორიის, ციგრიანი კი, ფაქტობრივად, მიტოვებული სოფელია, სადაც ერთი მოსახლე ცხოვრობს. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, პრინციპში ჩვენ ამაზე მუდმივ რეჟიმში ვსაუბრობთ, ეს არის პოლიციური პოსტების ჩადგმა ოკუპანტებსა და ჩვენს მოსახლეობას შორის," - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა.
ასევე ნახეთ: