ოკუპანტების ახალი ბანერი სოფელ ციგრიანის მახლობლად | ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს სუს-ში ადასტურებენ

გამოქვეყნდა:

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ციგრიანის მახლობლად, ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა. 

ქაცარავა "მთავარ არხთან" ასევე ამბობს, რომ ოკუპანტები გააქტიურებულები არიან სოფელ თამარიანის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც ისინი ღამის საათებში მძიმე ტექნიკით გადაადგილდებიან.

"ჩვენი პატრულირების დროს სოფელ ციგრიანის მახლობლად აღმოვაჩინეთ ახალი ბანერი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაამონტაჟეს ცოტა ხნის წინ. ამ წუთას ჩვენ გვიჭირს, რომ დავასახელოთ კონკრეტული თარიღი, თუმცა, ეს ბანერი აშკარად ცხადყოფს იმას, რომ გრემისხევის მიმდებარედ და მცხეთა-მთიანეთის რაიონში რუსები ძალიან აქტიურად არიან. იქვე მდებარეობს რუსების 24-საათიანი საოკუპაციო პოსტი, რომლიდანაც ისინი აწარმოებენ მუდმივ  პატრულირებას გრემისხევის მიმდებარედ. ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ ბოლო დროს, ზუსტად ამ ოკუპირებულ ქედზე ყოველ ღამე ისმის მძიმე ტექნიკის მოძრაობის ხმა და იმდენად მკაფიო და ძლიერია ეს ხმა, რომ მათ არ აძლევთ დაძინების საშუალებას. ასევე, რუსი საოკუპაციო ძალები აგრძელებენ თავის მოქმედებას, თავის აგრესიას.

მცხეთა-მთიანეთი, ზემო იმერეთი, ზემო რაჭა - ეს ის რეგიონებია, სადაც, სამწუხაროდ, შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები არ ადიან. არ არის არცერთი საგუშაგო, თუ არ ჩავთვლით სინაგურისა და ახალგორის გამშვებ პუნქტებს. ასე რომ, ხელისუფლების მხრიდან კვლავ გრძელდება რუსეთის მაამებლური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რუსული საოკუპაციო ჯარებისთვის შექმნილი არის მაქსიმალური კომფორტული ვითარება და ისინი, ბუნებრივია, აგრძელებენ მცოცავი ოკუპაციის პროცესს," - ამბობს ქაცარავა "მთავარ არხთან."
 

ე.წ. ბორდერიზაციის განახლების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ ევროკავშირის ცხელი ხაზი გააქტიურებულია. უწყების თქმით, საქმის კურსში არიან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები.

ასევე ნახეთ: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი