ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, რესან კონცელიძის ინიციატივით მიღებული სამშენებლო ამნისტიის კანონი ეჭვს ბადებს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში სავარაუდო კორუფციულ გარიგებებსა და ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ, რადგან სამშენებლო ბიზნესში დეპუტატის ოჯახის წევრები არიან ჩართული.
რესან კონცელიძე ამბობს, რომ ორგანიზაციის ბრალდებები არარეალურია რადგან როცესაც ამნისტიის კანონის ინიციატივა წამოაყენა, მის ნათესავებს მშენებლობა უკვე დასრულებული ჰქონდათ.
სანამ ამ კანონს მივიღებდით მანამდე იქნა ჩაბარებული ეს კორპუსები, ქალბატონო, გესმით?! კანონს როცა ვიღებდით ჩვენ, უკვე ჩაბარებული იყო ეს კორპუსები. ჩაბარებული ჰქონდა მას დამოუკიდებლად, არ გამოუყენებია ეს კანონი... ეს ხომ შეიძლება დაადასტუროს... ეს კვლევა არ არის, ჩემო კარგო, ეს არის ჩემი ბიოგრაფია აღებული საიტიდან, გოჩას ბიოგრაფია აღებული საიტიდან, არჩილის ბიოგრაფია... აღებულია შპს-ს ისტორია, რომელიც არის ყველგან და დადებულია ესენი და ბოლოში არის დასკვნა, რომ ინტერესთა კონფლიქტია. ეს არის კვლევა?, - ამბობს კონცელიძე.