საქართველოს ეროვნული ბანკის სათაო ოფისი გაიყიდება - იუსტიციის სახლში 6000 კვადრატული მეტრის გასხვისება მთავარმა საფინანსო უწყებამ ახალი, უფრო დიდ ფართში გადასასვლელად გადაწყვიტა.
უცნობია, ვინ და რა ფასად იყიდის იუსტიციის სახლის ნაწილს. ეროვნული ბანკი დეტალებს არც ამჯერად ასაჯაროებს.
„მთავარის“ ინფორმაციით, მხოლოდ მიწაში 25 მილიონი, ახალი შენობის მშენებლობაში კი 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ეროვნული ბანკი მიწას თბილისის ცენტრში ცირკის მიმდებარედ ყიდულობს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კერძო კომპანიასა და ეროვნულ ბანკს შორის ბურუსით მოცული ხელშეკრულება კორუფციული გარიგების ეჭვებს აჩენს.
ეროვნული ბანკი დღეს ირწმუნებოდა, რომ კომპანია „სითი ცენტრი“ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა. „მთავარმა“ კი მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ მისი მფლობელი, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია „სოფისტა ჰოლდინგია“.
რამდენიმე მილიონის ღირებულების მიწის ნაკვეთის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ეროვნულმა ბანკმა კერძო კომპანიასთან 26 ივლისს გააფორმა. „სოფისტა ჰოლდინგის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ვინც „სითი ცენტრის“ ფლობს, გიორგი შეყრილაძეა. მას საქართველოში არსებული ფირმა „დინამოს“ მფლობელი ბიზნესმენის რომან ფიფიას სპორტული ბაზის მისამართზე აქვს რეგისტრირებული. ფიფია კი ივანიშვილთან ახლო კავშირში მყოფი ბიზნესმენია.
უცნობია, მიიღებს თუ არა ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვას. კითხვის ნიშანი ამ საკითხზე პრემიერის განცხადების შემდეგ გაჩნდა, რომელმაც უწყება 50-მილიონიანი ხარჯის გამო გააკრიტიკა.