გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი
იქედან გამომდინარე, რომ საგამოძიებო უწყება თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბავშვისთვის, სასულიერო კანონების მიხედვით, წესი არ აეგოთ.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის კაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. 25 აგვისტოს კი ბრალი არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობისთვის წაუყენეს.