რუსი ოკუპანტების მიერ 33 წლის ზაზა გახელაძის დაჭრისა და გატაცებიდან 50 დღე გავიდა.
გახელაძის ოჯახს დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი შეხვდა. ნათელაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.
მთელი მსოფლიო ფეხზე უნდა დადგეს ზაზა გახელაძის გატაცების საკითხზე. 31 ოქტომბრის შემდეგ დაიწყება ოკუპანტის განკითხვის დღე - ისინი ვეღარავის გაიტაცებენ, სპეცრაზმი გადავა სადაც მათი ადგილია კონფლიქტის ხაზზე. თითოეული გატაცებული საქართველოს მოქალაქე რუსეთის ბიუჯეტს დაუჯდება მილიარდიან ზარალად, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმმა 18 ივლისს საქართველოს მოქალაქეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინშია გადაყვანილი.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.
საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.
კაბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.
ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არამედ კვალიფიციური იურისტები სჭირდება.