ძაღლმა ქათმები შეჭამა, ძალიან გამწარდა და ამიტომ სცემა, ტყუილია, რომ ბავშვი სექსუალურად შეავიწროვა | მარნეულში დაკავებულის დედა

გამოქვეყნდა:

მარნეულში, ძაღლის ცემით მოკვლის გამო დაკავებული კაცის დედის თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა არასრულწლოვანი გოგო სექსუალურად შეავიწროვა. ის ამტკიცებს, რომ "გაუგებრობა მოხდა". 

კაცი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ სცემს შინაურ ცხოველს ის ჯოხით. დაკავებულის დედა ამბობს, რომ შემთხვევა ორი თვის წინ მოხდა და არ იცის ვინ გადაიღო ვიდეო.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

"მთელი ჩვენი ქათმები შეჭამა ამ ძაღლმა და ძროხაც დაკბინა, ვერ გავაგდეთ სახლიდან, ორი თვის წინ მოხდა ეს ამბავი, ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ამიტომ სცემა. ეს ვიდეო ვიღაცამ გადაიღო და ახლა გაავრცელეს. ჩემი შვილი გუშინ წინ მოტყუებით ხევში წაიყვანეს და იქ 5-მდე პირმა სასტიკად სცემა. ჩემმა შვილმა მითხრა, დანას ეძებდნენ, ჩემი მოკვლა უნდოდათო, სასტიკად ნაცემი სახლში დააგდეს, პოლიციელები რომ მოვიდნენ, ჩემი შვილი იწვა, ასეთი ნაცემი წაიყვანეს განყოფილებაში. 

ტყუილია, რომ მეხუთეკლასელი სექსუალურად შეავიწროვა, გოგოს ბებია იყო ჩვენთან მოსული და მითხრა ეს ამბავი, მე ვუთხარი, რომ ჩემი შვილი ამას არ იზამდა, გაუგებრობა მოხდა. ვფიქრობ ეს ვიდეო იმიტომ გამოაქვეყნეს, რომ ჩემი შვილის ცემის ამბავი გადაეფარათ", - ამბობს დაკავებულის დედა.

უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ საუბარია 13 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროების ფაქტზე. მისი ინფორმაციით, დაკავებული რამდენიმე დღის წინ გოგოს მოტაცებას ცდილობდა, რის გამოც ბავშვის ნათესავებმა სცემეს.

"შესთავაზა 20 ლარი და სთხოვა მასთან ურთიერთობა, უარის შემთხვევაში, როგორც მერე გახდა ასევე ცნობილი ჩემთვისაც, ის ადამიანი 2-3 დღის წინ ცდილობდა ამ ბავშვის მოტაცებას, რის გამოც მისმა ახლობლებმა სცემეს", - ამბობს ბაირამოვა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი