თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე ჯარიმები იზრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც კალაძე ამბობს, ახალი კანონი 11 იანვრიდან შევა ძალაში. ჯარიმები, რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გაიზრდება და რამდენიმე ასეულ ლარს მიაღწევს.
ახალი კანონპროექტის მიხედვით: ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); გ) ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის.
დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა);
ე) ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა).
ვ) გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე, გამკაცრებულია ჯარიმები. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება
150 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით; მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი: უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით.
კალაძის თქმით, აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმები 2018 წელსაც გაიზარდა, თუმცა სანქციები ყველასთვის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა.