თსუ-ის რექტორმა უნივერსიტეტში შეკრებულ სენატისა და აკადემიური საბჭოს წევრებს მიმართა. ჯაბა სამუშია სტუდენტების ნაწილის ქცევით აღშფოთებულია და ამბობს, რომ უნივერსიტეტი არ არის ძალისმიერი მეთოდებისა და "ულტრამოსაზრებების" გამოხატვის ადგილი:
"გაოგნებული ვუყურებდი ამ ყველაფერს. ჩვენ სადღაც რაღაც პროცესი უნდა დავამთავროთ, არ არის ეს ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ძალისმიერი მეთოდები. არ არის ეს ის ადგილი, სადაც შესაძლებელია, რომ ვიღაცებმა თავიანთი ულტრამოსაზრებების გამო შეიძლება რაღაც პარალიზება მოახდინონ. პატივი ეცით თსუ-ს ინსტიტუციებსა და პროფესურას. " თქვა სამუშიამ.
მისივე თქმით, ახალგაზრდებმა პროტესტის მწვავე ფორმებს ისე მიმართეს, რომ საუბრის რესურსი ამოწურული არ ყოფილა. რექტორის თქმით, "გამართლება არ აქვს სადღაც შეჭრას და ვიღაცის სექციებში ყოფნას". როგორც ის ამბობს, ასეთმა პროცესებმა შესაძლოა მძიმე ვითარებამდე მიიყვანოს უნივერსიტეტი და დაანგრიოს ურთიერთობები პროფესორებს და სტუდენტებს შორის.
"ამიტომ გთხოვეთ შეხვედრა, რომ მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა ერთ რამეში - ამ ახალგაზრდებს ქცევის ფორმაში ჩვენ ვუთხრათ არა. არა, ესე უნივერსიტეტში არ იქცევიან. დანარჩენზე ვილაპარაკოთ. ეს არ არის ქცევა, რომელიც უნივერსიტეტს უნდა შეშვეონდეს." თქვა სამუშიამ.
შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ბლოკირებულია. ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება და გამოსახლებების სერიის შეჩერებაა. ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხოლო ხასაია "ილიაუნის". ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.