კეკელიძეზე დაკავებულ ორ პირს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე ხმაურიანი გამოსახლების დროს დაკავებულ, მოძრაობა "ხმას" წევრებს, გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, შეუფარდა.

დაცვის მხარე პროცესის ფარგლებში ითხოვდა თავდებობისა და გირაოს გამოყენებას, რასაც სასამართლო არ დაეთანხმა.

‼️ მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან პროცესის ფარგლებში ბრალდებულები აღიარებდნენ დანაშაულს, მზაობას გამოხატავდნენ ზიანის ანაზღაურებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. 

ეს გადაწყვეტილება სამართლიანობისთვის მებრძოლი აქტივისტების დასჯას ისახავს მიზნად და უგულებელყოფს სამართლიანობისა და საჯარო ინტერესის პრინციპებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს, - წერს ორგანიზაცია.

ცნობისთვის, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე საერთო ჯამში 20 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 18 ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი - ხასაია და ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით. 

პოლიცია მათ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

18 დაკავებულს კი პროკურატურა ხულიგნობას ედავება, მათ შორის იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ძალის გამოყენებით დააკავა პოლიციამ და ვისაც სამართალდამცველები არ აძლევდნენ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალებას. სოლიდარობის ნიშნად, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციაც გაიმართა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი