აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას - ნათქვამია სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
გარდა ამისა, სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით, თსუ აცხადებს, რომ "ულტიმატუმის ენით საუბარი" და "დესტრუქციული ქმედებები" მიუღებელია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.
ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება." ნათქვამია თსუ-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია ბლოკირებულია. ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება და გამოსახლებების სერიის შეჩერებაა. ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხოლო ხასაია "ილიაუნის". ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
იხილეთ ასევე: