
ავტორთა საზოგადოება გიგა კობალაძეს მხარდაჭერას, კომპანია "გერას" კი ბოიკოტს უცხადებს. დღეს კობალაძე ასოციაციის წევრებს შეხვდა. ხელმოწერილია პეტიციაც, რის მიხედვითაც ხელოვანები რუსულ ორგანიზაციაში გადასვლაზე უარს ამბობენ. კობალაძე ამბობს, რომ გერას თანამშრომლობაზე უარი ჯამში 20-მა ქვეყანამ უთხრა. მიზეზი ასოციაციის რუსული კავშირებია.
საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო. კობალაძე გამოკითხვაზეა დაბარებული, მისი ოფისიდან კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკის შედეგად დოკუმენტები და კომპიუტერული მოწყობილობები ამოიღო.
სპეცოპერაცია საავტორო ასოციაციაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელოვანების ნაწილმა საგამოძიებო სამსახურს სავარაუდო ფინანსურ დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. კობალაძე ბრალდებებს უარყოფს.