თაღლითური სქემა და დაზარალებული ფერმერები - შინაგან საქმეთა სამინისტროში შესული საჩივრების დიდი ნაწილი გამოძიებას თაროზე აქვს შემოდებული. საქმე ეხება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში განვითარებულ მოვლენებს.
"ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა ბიზნესმენმა, დავით ჯემალ ოღლიმ, ასობით პირუტყვი გაყიდა, თანხა კი მეპატრონეებს არ მისცა.
იმის მიუხედავად, რომ მოტყუებული 10-მდე ოჯახია, ზარალი კი 2 მილიონს აღწევს, პროკურატურამ დავით ჯემალი ოღლის ბრალი ფორმალურად, მხოლოდ 2 ფერმერის საქმეზე წარუდგინა. სასამართლომ კი მისი ბრალეულობა არ დაადგინა.
ბიზნესმენი "მთავარი არხის" შეკითხვებს არ პასუხობს. ჯემალ ოღლის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე კი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თანხები არ მიუთვისებია და ისიც "ჩვეულებრივი დაზარალებულია".
"ვინაიდან, დავით ჯემალი ოღლი მუშაობდა ამ სასაკლაოზე რიგით თანამშრომლად და ის მათი თანასოფლელი იყო, მოსახლეობამ მიიჩნია, რომ ეს თანხები მიღებული ჰქონდა დავით ჯემალი ოღლის. არცერთი თეთრი დავით ჯემალი ოღლის ამ თანხებიდან არ მიუღია. პირიქით, 105 ათასი ლარი, მის მიერ ჩაბარებული საქონლის ვალიც გააჩნია ამ შპს-ს და ისიც ჩვეულებრივი დაზარალებულია, როგორი დაზარალებულებიც არიან დანარჩენი მოსახლეები. მიუხედავად იმისა, რომ 3-4 წელი არის გასული, არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და კვლავ გრძელდება გამოძიება. არ ედება ბრალი არავის, არა თუ დავით ჯემალი ოღლის," - ამბობს ცინცაძე.
"მთავარი არხი" ესაუბრა შსს-საც, სადაც ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ: