დაზიანებული ინფრასტრუქტურა რეგიონებში და გაფლანგული მილიონები | ნინოწმინდა-ბორჯომის 2021-2022 წლების ბიუჯეტი აუდიტის სამსახურის დასკვნაში

გამოქვეყნდა:

დაზიანებული ინფრასტრუქტურა რეგიონებში და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული მილიონობით ლარი. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნით ირკვევა, რომ მხოლოდ ნინოწმინდასა და ბორჯომში 2021-2022 წლებში ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია დახარჯული, ინფრასტრუქტურული პროექტები კი დასრულებული არ არის ან იმდენად უხარისხოდაა სამუშაოები შესრულებული, რომ ხელახალი რეაბილიტაცია სჭირდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის თანახმად, ნინოწმინდის მერიამ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ისეთი ობიექტი ჩაიბარა, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მალევე დაზიანდა, მუნიციპალიტეტმა კი მათი რეაბილიტაციისთვის არაფერი გააკეთა. შედეგად, ობიექტები, რომელზეც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ამ დრომდე დაზიანებულია.

ხარვეზები გამოვლინდა 15 შესრულებულ პროექტზე - დაზიანებულია საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, საგზაო და სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტი. 

მაგალითად - 2022 წელს სოფელ საღამოში მოეწყო სტადიონი, რომელიც 26 000 ათასი ლარი დაჯდა, თუმცა, ობიექტი მდებარეობს დაუსახლებელ ადგილას, სოფლიდან მოშორებით და მოსახლეობა მას ვერ იყენებს.

რაც შეეხება ბორჯომს, ანგარიშის მიხედვით, 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი უხარისხოდ შესრულდა, დაზიანებულია კულტურის ცენტრი, სანიაღვრე არხი, საავტომობილო გზა და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.  

ასევე, აუდიტის დასკვნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის შესაფერისი პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. 

შედეგად, მერიამ ჩაიბარა 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი