
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელში მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.
სამაშველო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდნენ," - წერს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. სახლებში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
სტიქიური უბედურების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან არასრულწლოვნები, ერთი ოჯახიდან მამა და სამი შვილი. დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგოც და მისი ოჯახის ორი წევრი.